წარმოგიდგენთ საერთაშორისო კონფერენციის „ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში“ პლენარულ მომხსენებლებს:

  1.  ლარს ტრაპ იენსენი, დანიური ენისა და ლიტერატურის საზოგადოება, დანია

სათაური: საუკეთესო, რაც ორივე სამყაროს აქვს: ადამიანურ გამოცდილებასა და ხელოვნურ ინტელექტს შორის სინერგიის კვლევა ლექსიკოგრაფიაში.

თეზისი: 2022 წლის ნოემბერში ChatGPT-ს გამოშვების შემდეგ ხელოვნური ინტელექტი „საოცარი ახალი სამყაროს“ დისტოპიური რეალობიდან აღებული შორეული კონცეფცია აღარაა. პირიქით, მან ჩვენს სინამდვილეში მყარად და დიდი ხნით მოიკიდა ფეხი და, როგორც ჩანს, მალე ძირეულად გარდაქმნის ჩვენ მიერ ლექსიკონების შექმნის გზებსა და მეთოდებს. ჩემს გამოსვლაში მე განვიხილავ ChatGPT-ში გამოყენებული ხელოვნური ინტელექტის ძლიერ და სუსტ მხარეებს და იმასაც, თუ როგორ შეუძლია მას უკეთესი ლექსიკონების შექმნაში დაეხმაროს ლექსიკოგრაფებს, ნაცვლად იმისა, რომ ლექსიკონები მოძველებულ ნაშრომებად აქციოს. იმისდა მიუხედავად, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას მონაცემთა უზარმაზარი მოცულობის გაანალიზება და შთამბეჭდავი შედეგების მოცემა შეუძლია, მაინც რჩება სფეროები, სადაც ტრადიციული ლექსიკოგრაფია ხელოვნურ ინტელექტს სჯობნის. მე განვიხილავ, ლექსიკონის შექმნის პროცესის რომელი ასპექტები შეიძლება ვანდოთ გამომთვლელ მანქანებს და რომელი სფეროები საჭიროებს „ცოცხალი“ ლექსიკოგრაფების გამოცდილებასა და ოსტატობას.

  1. პიუს ტენ ჰაკენი, ინსბრუკის უნივერსიტეტი, ავსტრია

სათაური: ლექსიკის აღწერის თეორიები და გადაწყვეტილებები ლექსიკონის შექმნის პროცესში

თეზისი: ენათმეცნიერების თეორიაში ლექსიკას, ჩვეულებრივ, გაცილებით ნაკლები ყურადღება ეთმობოდა ხოლმე, ვიდრე ფონოლოგიასა და სინტაქსს. თუ ფონოლოგიას და სინტაქსს თავისი წესები აქვთ, ლექსიკა წესებს არ ემორჩილება. ლეონარდ ბლუმფილდისა და ნაუმ ხომსკის შრომებში ლექსიკა არის ნუსხა ინფორმაციისა, რომელიც არ წარმოიქმნება წესებზე დაყრდნობით.  ეს განსაკუთრებით რეი ჯაკენდოფისა და ჯენი აუდრინგის მიერ შემუშავებულ რელაციურ მორფოლოგიას (RM) შეეხება. თავისი სახელის მიუხედავად, რელაციური მორფოლოგია არის თეორია იმის შესახებ, თუ როგორ არის ორგანიზებული მენტალური ლექსიკონი. ივარაუდება, რომ სიტყვა-სტატიები სრულადაა კონკრეტიზებული, მაგრამ სიტყვა-სტატიათა შორის და თავად სიტყვა-სტატიათა წიაღში არსებულ მიმართებათა გამოხატვა ამცირებს ინფორმაციის შენახვის კოგნიტიურ დატვირთვას. ჩემს მოხსენებაში განვიხილავ, თუ რა შედეგები შეიძლება იქონიოს ლექსიკისადმი ამ ორმა განსხვავებულმა მიდგომამ იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ლექსიკოგრაფიულ პროექტზე მუშაობისას უნდა იქნეს მიღებული. მთავარი კითხვა იქნება, წარმოშობს თუ არა რელაციური მორფოლოგია ლექსიკონების შექმნისათვის პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე რაიმე ახალ იდეებს.

  1. თინათინ მარგალიტაძე, გიორგი მელაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო

სათაური: ქართული ლექსიკოგრაფიის განვითარების ძირითადი ტენდენციები 21-ე საუკუნეში

თეზისი: ქართული ლექსიკოგრაფიის ისტორია XXI საუკუნეში, ძირითადად,  ელექტრონული ლექსიკოგრაფიის განვითარების ისტორიაა. ელექტრონულმა ლექსიკოგრაფიამ, ისევე როგორც ზოგადად კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებამ ჩვენს ქვეყანაში, ერთგვარი დაგვიანებული სტარტი აიღო. ამ ვითარებას ბევრი მიზეზი ჰქონდა, მათ შორის 1990-იანი წლების პოლიტიკური არასტაბილურობითა და სამოქალაქო ომით გამოწვეული ქაოსი, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა ფილოლოგიის დიგიტალიზაციის სფეროზე.

მოხსენებაში დეტალურად იქნება განხილული ელექტრონული ლექსიკოგრაფიის განვითარების ძირითადი ეტაპები. ევროპული ქვეყნების მსგავსად, თავდაპირველად ქართული ელექტრონული ლექსიკონები ბეჭდური გამოცემების ოდენ გაციფრებული ვერსიები იყო. მოგვიანებით გამოჩნდა ჭეშმარიტად ციფრული, რთულად სტრუქტურირებული და მოქნილი საძიებო ინსტრუმენტარიუმით აღჭურვილი ლექსიკონები.

შემდეგ ეტაპზე გამოიკვეთა ელექტრონულ ლექსიკონებზე მუშაობის ახალი ტენდენცია: ლექსიკონების შექმნა უშუალოდ ლექსიკონთა მართვის სისტემებში (DWSs, dictionary writing systems).

საქართველოში კორპუსის ენათმეცნიერების განვითარებამ ხელი შეუწყო ქართული ენის სხვადასხვა კორპუსების შექმნას და მათ გამოყენებას ლექსიკოგრაფიაში. მთლიანად კორპუსზე დაფუძნებულმა ლექსიკონებმა ქართული ლექსიკოგრაფიის განვითარების ახალი ფურცელი გადაშალა. ამასთან ერთად გაჩნდა ახალი ჟანრის ლექსიკონები: ჟესტური ენის ლექსიკონი, სიხშირულ ანალიზზე დაფუძნებული სასწავლო ლექსიკონები და სხვა.

დიგიტალური ლექსიკოგრაფიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ლექსიკოგრაფიული მონაცემების გამოყენება მანქანური თარგმნის პროექტებში, რასაც მოჰყვა ლექსიკოგრაფებსა და ბუნებრივი ენის დამუშავების სპეციალისტებს შორის  მნიშვნელოვანი თანამშრომლობა. როგორ ვასწავლოთ მანქანას ლექსიკა: პოლისემია, ომონიმია, შესიტყვებები, იდიომები, ტერმინოლოგია? ეს არის ის სფერო, სადაც ლექსიკოგრაფიული მონაცემები შესაძლოა ძალიან ეფექტური აღმოჩნდეს. მუშავდება ლექსიკოგრაფიული მონაცემების სხვადასხვა ონლაინრესურსებში ინტეგრირების საკითხებიც.

მოხსენებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა თანამედროვე ქართულ ტერმინოლოგიას და იმ გამოწვევებს, რაც ამ სფეროს უკავშირდება.

თანამედროვე ქართული ლექსიკოგრაფიის ერთ-ერთი აქტუალური მიმართულება არის ლექსიკონის გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება ქართველ ახალგაზრდებში. ლექსიკონის სწავლების საჭიროება გაანალიზებული იქნება თანამედროვე მანქანური თარგმნის პროგრამებისა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული აპლიკაციების გათვალისწინებით.

 

კულტურული პროგრამა

ექსკურსია მცხეთაში, საქართველოს ძველ დედაქალაქში. მასტერკლასები: ქართული პურის ცხობა და ჩურჩხელის კეთება, ქართული ღვინის დეგუსტაცია მარანი ჰოლში, მცხეთა.

კონფერენციის ბანკეტი ქართული სამზარეულოთი მარანი ჰოლში, მცხეთა.