მეორე საერთაშორისო კონფერენცია „ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში“ ჩატარდება 2025 წლის 10-12 ოქტომბერს ჰიბრიდული ფორმატით თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კონფერენცია ეძღვნება დიდი ქართველი ლექსიკოგრაფის, მწერლის, დიპლომატისა და სახელმწიფო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის გარდაცვალებიდან 300 წლისთავს.
კონფერენციის მიზანია საქართველოში შექმნას ფორუმი თანამედროვე ლექსიკოგრაფიის საკითხებზე სამსჯელოდ. ციფრულმა ეპოქამ დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა ლექსიკოგრაფია, რამაც მოითხოვა მრავალი თეორიული და პრაქტიკული საკითხის გადააზრება და ლექსიკოგრაფია თანამედროვეობის ერთ–ერთ ყველაზე დინამიკურ და სწრაფად განვითარებად დარგად აქცია. სწრაფი პროგრესი ენობრივი ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში და უფრო სრულყოფილი და დახვეწილი აპლიკაციების შექმნის მოთხოვნა აიძულებს ლექსიკოგრაფებს წინ გაიხედონ და განსაზღვრონ ლექსიკოგრაფიისა და ლექსიკოგრაფების ადგილი ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით.
კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ახალგაზრდა მკვლევრების მონაწილეობას. კონფერენციას ექნება საგანგებო სექციები მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.
II კონფერენციის ძირითადი თემაა “ლექსიკოგრაფია და ტექნოლოგიები”.
საერთაშორისო კონფერენცია „ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში“ დაარსდა 2022 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. პირველი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა 2023 წლის 10-12 ნოემბერს თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კონფერენციის ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრი“.
კონფერენციაში მონაწილეობისთვის შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ აქ
გთხოვთ თქვენი მოხსენების თეზისი ვორდის ფაილისა და პედეეფ-ფაილის სახით ატვირთოთ აქ.