ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაფუძნდა 2006 წელს განსხვავებული და ხანგრძლივი ისტორიის მქონე 6 ინსტიტუტის გაერთიანების შედეგად. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის მოწინავე კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულება სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ორიენტირებულია სამეცნიერო წინსვლაზე და გადასცემს მაღალკვალიფიციურ ცოდნას, რათა ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ განვითარებას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. უნივერსიტეტი ცდილობს უზრუნველყოს მაღალი ხარისხის განათლების მიწოდება და კვლევების ხელშეწყობა ინოვაციური ინიციატივებისა და პოლიტიკის მეშვეობით.
უნივერსიტეტის 4 ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი, ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი და სამართლის სკოლა, თავიანთ დარგებში სტუდენტებს სთავაზობენ მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამებს და უნივერსიტეტის 30 სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და ცენტრთან ერთად ქმნიან სწავლისა და სიღრმისეული კვლევის შესაძლებლობებს სოციალურ მეცნიერებებსა და ჰუმანიტარულ დარგებში, მედიცინასა და იურისპრუდენციაში, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებსა და ზუსტ მეცნიერებებში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კვლევით საქმიანობას. მისი წლიური ბიუჯეტის 14%-ზე მეტი მიმართულია კვლევით საქმიანობაზე. საქართველოში წამყვან მეცნიერთა 40% ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ 30-ზე მეტ კვლევით ინსტიტუტსა და ცენტრში ახორციელებს კვლევას, რომელიც მოიცავს ფართო სპექტრის ფუნდამენტურ და გამოყენებითი მეცნიერებებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო პროექტებში. ის თანამშრომლობს 500-ზე მეტ პარტნიორ უნივერსიტეტთან, ორგანიზაციასთან და დონორებთან. მიმდინარე ეროვნული და საერთაშორისო პროექტების პრიორიტეტს წარმოადგენს ინფრასტრუქტურისა და ახალი პროგრამების განვითარება, აკადემიური და სამეცნიერო პოტენციალის გაუმჯობესება, აგრეთვე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება როგორც წამყვან უნივერსიტეტებთან, ასევე კვლევით ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო 300-მდე საერთაშორისო და ეროვნულ კვლევით გრანტში, რომელთა საერთო ბიუჯეტი 50 მილიონ ლარზე მეტია. ზემოთ ხსენებულ გრანტებში უნივერსიტეტი ჩართულია არა მხოლოდ პარტნიორის სტატუსით, არამედ როგორც გრანტის მიმღები ორგანიზაცია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ილიაუნი TEMPUS პროგრამის ფარგლებში არის პირველი გრანტის მფლობელი უნივერსიტეტი საქართველოში. ამჟამად უნივერსიტეტში ხორციელდება სხვადასხვა თემატიკის და მიმართულების 90 პროექტი, რომლებიც ფინანსდება საერთაშორისო და ადგილობრივი დონორების მიერ, მათ შორის სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და უნივერსიტეტის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებიდან.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები ქმნიან ეფექტიან ბაზას, რათა უნივერსიტეტმა მაქსიმალურად განავითაროს სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტების/ახალგაზრდა კადრების ჩართულობა კვლევაში, როგორც ფუნდამენტურ სამეცნიერო, ისე გამოყენებით სფეროებში.