საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთით, კასპიისა და შავ ზღვებს შორის, დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გასაყარზე მდებარეობს. მისი ფართობი 70 000 კვ. კმ-ს შეადგენს, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 4 მილიონია.
ქვეყნის ლანდშაფტი საკმაოდ მრავალფეროვანია. უდაბნოები და სუბტროპიკული ზონა, ჭაობები და ზომიერი სარტყლის ტროპიკული ტყეები, მუდმივი თოვლი და მყინვარები, ტყეები და ნახევრად არიდული ველები უფრო მრავალფეროვანს ხდის ქვეყნის ბუნებრივ პეიზაჟს.
ქართული ენა, საქართველოს სახელმწიფო ენა, ქართველური ენების ოჯახს მიეკუთვნება. ქართველური ენები ასევე ცნობილია, როგორც იბერიული ან სამხრეთ კავკასიური ენები და მოიცავს ქართულ, სვანურ, მეგრულ და ლაზურ ენებს. ქართველური ენები კავკასიის რეგიონისათვის მკვიდრ ენათა ოჯახს წარმოადგენს. ძირითადად ამ ენებზე საუბრობენ საქართველოში, აგრეთვე აზერბაიჯანში, ირანში, თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთში, აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებსა და ისრაელში.
საქართველოს მდიდარი ლიტერატურული ტრადიცია აქვს. უძველესი წერილობითი ძეგლები ახალი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნით თარიღდება. ქართული ეროვნული ეპოსი, შოთა რუსთველის „ვეფხისტყაოსანი“ ახ. წ. მე-12 – 13 საუკუნეებს ეკუთვნის და მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი.
ქართულ ენას თავისი დამწერლობის სისტემა აქვს. ქართული ანბანი 33 ასო-ბგერისაგან შედგება. ქართული დამწერლობა ყველა სხვა ქართველურ ენებში გამოიყენება.
მცხეთა საქართველოს ძველი დედაქალაქია. მისმა სტრატეგიულმა მდებარეობამ უძველესი სავაჭრო გზებისა და არაგვისა და მტკვრის შესართავის გზაჯვარედინზე, ასევე ზომიერმა ჰავამ და ნოყიერმა ნიადაგმა ხელი შეუწყო პირველი სამოსახლოების გაჩენას ძვ. წ.-ის მესამე ათასწლეულში.
ახ.წ. მე-4 საუკუნეში, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, მცხეთა საქართველოს რელიგიური ცენტრი გახდა. ქვეყნის ქრისტიანობაზე მოქცევამ დიდი ბიძგი მისცა ლიტერატურის, არქიტექტურისა და სხვა დარგების განვითარებას. მცხეთის ეკლესიები კავკასიის საეკლესიო არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშებია და საქართველოში ხელოვნებისა და კულტურის განვითარების მაღალ დონეზე მიუთითებს.
საქართველო მევენახეობისა და ღვინის წარმოების ქვეყანაა, რაც სხვადასხვაგვარად აისახება ქართველი ხალხის ისტორიაზე, ტრადიციებზე, ფოლკლორზე, არქიტექტურასა თუ რელიგიაზე. ლეგენდის მიხედვით, წმინდა ნინომ, წარმოშობით კაპადოკიელმა ქალმა, რომელმაც იქადაგა ქრისტიანობა საქართველოში, ვაზის ტოტებისგან გააკეთა ჯვარი და თავისი ნაწნავებით შეკრა, ვაზისა და რწმენის გასაოცარი სიმბოლო …
საქართველში 500-ზე მეტი ადგილობრივი ვაზის სახეობა არსებობდა. უნაკლო ქართულ ღვინოებს, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია, ათასწლეულების განმავლობაში საგულდაგულოდ ამუშავებდნენ. ქართულ ღვინოებს ქებით მოიხსენიებდნენ კლასიკური ხანის ავტორები და უცხოელი მოგზაურები. ეს ტრადიცია ახლაც გრძელდება. დღესდღეობით ძირითადი ღვინის მწარმოებელი რეგიონი კახეთია. ჩინებული ხარისხის მშრალი, ნახევრად მშრალი და ნახევრად ტკბილი ბუნებრივი ქართული ღვინოები თანდათანობით იკიდებს ფეხს მსოფლიო ბაზარზე.
ახ.წ. მე-5 საუკუნეში, მდინარე მტკვრის ნაპირებზე, ვახტანგ გორგასალმა დააარსა ახალი დედაქალაქი თბილისი (ტიფლისი). ქალაქის მდებარეობა ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე მისი სიახლოვე დასავლეთ-აღმოსავლეთის მეტად ხელსაყრელ სავაჭრო გზებთან, ხშირად ხდებოდა უთანხმოების საგანი სხვადასხვა მტრულად განწყობილ იმპერიებს შორის. მიუხედავად უამრავი შემოსევისა თუ დარბევისა, ქალაქის აღმშენებლბა არასოდეს შეჩერებულა. თბილისის მრავალფეროვანი ისტორია ასახულია მის არქიტექტურაზე, რომელიც შუა საუკუნეების, კლასიკური და საბჭოთა ხელოვნების ნაზავს წარმოადგენს.