ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბსუ) ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა 1990 წელს. 2006 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმის შედეგად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, ბათუმის საავიაციო ინსტიტუტის, ბათუმის აგრარული ბიოტექნოლოგიებისა და ბიზნესის ინსტიტუტის, მემბრანული ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტისა და ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის რეორგანიზაციისა და გაერთიანების გზით დაფუძნდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“. 2009 წელს უნივერსიტეტს შეუერთდა ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ხოლო 2010 წელს ნიკო ბერძენიშვილისა და ფიტოპათოლოგიის სამეცნიერო ინსტიტუტები.
დაარსების დღიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აჭარის მთავარი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრია.
დღეისათვის ბსუ აერთიანებს 7 ფაკულტეტს: ეკონომიკისა და ბიზნესის, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის, ტექნოლოგიურ, ტურიზმისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებს. უნივერსიტეტში უმაღლესი პროფესიული, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე 9000-მდე სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტი სტუდენტებს სამსაფეხურიან სწავლებას სთავაზობს, მათ შორის არის 36-ზე მეტი საბაკალავრო პროგრამა, 25-ზე მეტი სამაგისტრო და 9 სადოქტორო პროგრამა.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს რამდენიმე სასწავლო კორპუსი აქვს. მის პირველ ისტორიულ კორპუსში განთავსებულია უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სალექციო აუდიტორიები, კულტურული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები.
უნივერსიტეტს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აქვს როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. მეცნიერების სხვადასხვა დარგში გამართული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და სიმპოზიუმებისათვის ბსუ ითვლება სასურველ მასპინძლად, გარდა ამისა, უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი აქტიურად მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციებსა და გაცვლით პროგრამებში. უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდა არაერთი საერთაშორისო და ეროვნული მნიშვნელობის სამეცნიერო-კვლევითი პროექტი.