ინგლისურ-ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის ლინგვისტური მოდელირების თავისებურებები
ანოტაცია
თანამედროვე ეპოქაში მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტერმინოლოგიური პრობლემების შესწავლას. სხვადასხვა დარგის განვითარებასთან ერთად ჩნდება მრავალი ახალი სამეცნიერო ცნება, რასაც აუცილებელია დაერქვას სახელი ანუ შეიქმნას ახალი ტერმინი ისე, რომ ის ზუსტად ასახავდეს შესაბამის ცნებას. ეს პროცესი კი საერთაშორისო სტანდარტების დაცვითა და მოცემული ენის თავისებურებებისა და ენობრივი ნორმების გათვალისწინებით უნდა წარიმართოს (ISO 704: 2022: 83-104). ასეთი საქმიანობის გარეშე ფერხდება დარგის განვითარება, ვინაიდან ტერმინოლოგია დარგის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის აუცილებელი პირობაა. მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებამ ქართულ ენაშიც გამოიწვია ახალი სამეცნიერო ცნებების მოზღვავება, რამაც თანამედროვე ქართული ტერმინოლოგია დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. ქართველი ლექსიკოგრაფები, დარგის სპეციალისტები წერენ იმის შესახებ, რომ ტერმინოლოგიური მუშაობა საქართველოში გარკვეულად შეფერხებულია, რომ ბევრი ტერმინი სხვადასხვა დარგში, ძირითადად, სესხების გზით შემოდის და მკვიდრდება, რასაც ნამდვილად ვერ მივიჩნევთ დადებით ტენდენციად (Gogia, 2023; Margalitadze, 2019; Karosanidze, 2012).
ამ ტენდენციის შესამოწმებლად 2022-2023 წლებში ჩავატარეთ რაოდენობრივი კვლევა ბიოლოგიის სხვადასხვა დარგის 1,600 ტერმინის მასალაზე. ჩვენი მიზანი იყო გამოგვეკვლია ტერმინთა სესხების პროცენტულობა თანამედროვე დარგებში, რისთვისაც შეირჩა გენეტიკის, იმუნოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის დარგები. გაანალიზდა აღნიშნული დარგების 800 ტერმინი და გამოვლინდა, რომ მათი 75-80% ნასესხები ტერმინია. ეს შედეგი შევადარეთ უფრო ტრადიციული დარგების ტერმინოლოგიას, რისთვისაც შევარჩიეთ 800 ტერმინი ბოტანიკის, ზოოლოგიისა და ანატომიის დარგებიდან. ამ დარგების ტერმინების ანალიზმა სრულიად სხვა ვითარება წარმოაჩინა, კერძოდ, გაანალიზებული ტერმინების თითქმის 80% ქართული ენის რესურსებით აღმოჩნდა ნაწარმოები (Kvitsiani, 2023).
სწორედ აღნიშნული კვლევის შედეგებმა განაპირობა ჩვენი ინტერესი უფრო ჩაღრმავებულად შეგვესწავლა ტრადიციული დარგებისა (ბოტანიკა, ზოოლოგია, ანატომია) და შედარებით მოგვიანებით განვითარებული დარგების (იმუნოლოგია, ბიოტექნოლოგია, გენეტიკა) ტერმინების წარმოების მეთოდები ქართულში და ეს მეთოდები შეგვედარებინა ეკვივალენტური ტერმინების წარმოების მეთოდებისათვის ინგლისურ და რუსულ ენებში. ინგლისური ენა იმიტომ, რომ დღეს ქართული ტერმინოლოგია, უპირატესად, ინგლისური ენიდან ნასესხები ტერმინებით ივსება, ხოლო რუსული ენა ჩავრთეთ კვლევაში იმის გამო, რომ ქართული ტერმინოლოგია რუსული ენის დიდ გავლენას განიცდიდა მე-20 საუკუნეში.
ტრადიციული ქართული ტერმინშემოქმედების მეთოდების ანალიზისათვის დავეყრდენით როგნედა ღამბაშიძის მონოგრაფიას „ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია და მისი შედგენის ძირითადი პრინციპები“ (Ghambashidze, 1986).
თანამედროვე ტერმინოლოგიის ძირითადი მახასიათებლების ანალიზისათვის გამოვიყენეთ საერთაშორისო ტერმინოლოგიური სტანდარტი ისო 704: 2022, „ტერმინოლოგიური მუშაობა – პრინციპები და მეთოდები“.
როგორც აღინიშნა, კვლევისთვის მივმართეთ სამი ენის შეპირისპირებითი ანალიზის მეთოდს. გამოვიყენეთ ეტიმოლოგიური კვლევის მეთოდი ინგლისური ტერმინების მოდელირების სიღრმისეულად წარმოჩენის მიზნით. ინგლისური ტერმინების ეტიმოლოგიის დასადგენად დავეყრდენით ინგლისური ენის ლექსიკონს ისტორიულ პრინციპებზე (OED) და ინგლისური ენის ეტიმოლოგიურ ონლაინლექსიკონს, რომელიც განთავსებულია შემდეგ მისამართზე: etymonline.com. საკვლევ მასალად გამოვიყენეთ ზემოხსენებული კვლევისათვის შერჩეული 1600 ტერმინიდან (Kvitsiani, 2023) შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ამოკრებილი 200 ტერმინი ბიოლოგიის 6 ქვედარგიდან. მოხსენებაში დეტალურად წარმოვადგენთ კვლევის შედეგებს, ქართული და ინგლისური ტერმინების მოდელირების ძირითად პრინციპებს, რომელთა გათვალისწინება, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ქართული ტერმინოლოგიური პოლიტიკის შემუშავებისათვის. ენობრივი და ტერმინოლოგიური პოლიტიკა ბევრ ქვეყანაში კანონით რეგულირდება. ამ კუთხით აუცილებელია საქართველოშიც წარიმართოს მუშაობა და ამ პროცესებში ჩაერთონ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები, დარგის სპეციალისტები, ენათმეცნიერები, რათა გაკონტროლდეს ტერმინოლოგიური მუშაობა, რომელსაც საკმაოდ ქაოსური ხასიათი აქვს დღევანდელ საქართველოში.