ჭამის სემანტიკა აფრიკაანსში, ჩრდილოეთ სოთოსა და ქართულ ენებში: მეტაფორის ენათაშორისი ვარიაცია

გვერდები: 67-79
საკვანძო სიტყვები: კონცეპტუალური მეტაფორა; კოგნიტიური სემანტიკა; ენათაშორისი შედარება; ჭამის სემანტიკა; კორპუსული ლინგვისტიკა

ანოტაცია

კონცეპტუალური მეტაფორის კვლევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კოგნიტიური სემანტიკის თეორიაში (Geeraerts 2010: 203-222). მისი საშუალებით შესაძლებელია ერთი საგნის სრულიად სხვა კუთხით დანახვა. ლაკოფისა და ჯონსონის კონცეპტუალური მეტაფორის თეორიის თანახმად მეტაფორა კოგნიტიური ფენომენია, ის ორ ნიშან-თვისებას აკავშირებს ერთმანეთთან და გამოცდილებით იქმნება (Lakoff and Johnson 1980). მეტაფორა კოგნიტიური ლინგვისტიკის თვალსაზრისით, კულტურულ გამოცდილებასაც გამოხატავს.

ე. ტალიარდისა და ნ. ბოსმანის კვლევა ჭამის სემანტიკის სიტყვებზე აფრიკაანსა და ჩრდილოეთ სოთოში მიზნად ისახავს დაადგინოს, განპირობებულია თუ არა ჭამის სემანტიკასთან დაკავშირებული მეტაფორები მათ მიერ შერჩეულ ენებში მსგავი გამოცდილებით და რამდენად უნივერსალურია ისინი, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ენებზე მოსაუბრე ენობრივ საზოგადოებებს შორის მნიშვნელოვანი კულტურული განსხვავებები არსებობს (Taljard and Bosman 2014).

კვლევაში წარმოდგენილი ჩრდილოეთ სოთოსა და აფრიკაანსის ენები სრულიად განსხვავებულ ენათა ოჯახებს განეკუთვნება. აფრიკაანსი ინდოევროპულ ენათა ოჯახში შედის. ის ჰოლანდიურ, გერმანულ, ფრიზულ და ინგლისურ ენებთან ერთად დასავლურგერმანიკულ ენათა ჯგუფშია წარმოდგენილი. ხოლო, ჩრდილოეთ სოთოს ენა სამხრეთ-აღმოსავლეთ ბანტუს ენებს ეკუთვნის და რთული მორფოლოგიით გამოირჩევა.

ე. ტალიარდისა და ნ. ბოსმანის კროს-ლინგვისტური ანალიზის კვალდაკვალ, წარმოდგენილი კვლევით მიზნად დავისახეთ ქართულ ენაში ჭამის სემანტიკასთან დაკავშირებული მეტაფორების გაანალიზება და მათი შედარება ჩრდილოეთ სოთოსა და აფრიკაანსის ენების შედეგებთან.