წარსულის ხმები, თანამედროვე ინსტრუმენტები: სამოქალაქო მეცნიერება და ჰესენ-ნასაუს ლექსიკონი
ანოტაცია
ლექსიკონების შექმნა ტრადიციულად არა მხოლოდ პროფესიონალი ლექსიკოგრაფების, არამედ აგრეთვე ცალკეული მეცნიერებისა და საზოგადოების წევრების პასუხისმგებლობაც იყო. მოქალაქეთა ჩართულობას ლინგვისტურ კვლევაში, განსაკუთრებით კი დიალექტების დოკუმენტირებაში, ხანგრძლივი და ნაყოფიერი ისტორია აქვს. მათ წვლილს ხშირად უთამაშნია გადამწყვეტი როლი ისეთი რეგიონული ვარიაციებისა და მეტყველების ადგილობრივი ფორმების დოკუმენტირებაში, რომელთა მოპოვებაც სხვა შემთხვევაში რთული იქნებოდა. როდესაც საქმე დიალექტური ლექსიკონების პროექტებს ეხება ხოლმე, არასპეციალისტები ხშირად ასრულებენ ფასეული ადგილობრივი ექსპერტების როლს და მკვლევრებს ემპირიულ მონაცემებს აწვდიან. შედეგად იმისა, რომ სამეცნიერო პრაქტიკაში სულ უფრო ხშირად გამოიყენება კვლევითი მოდელები საზოგადოების ჩართულობით, ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ისეთ ინიციატივათა რიცხვი, რომლებიც პროფესიონალ დიალექტოლოგთა და სამოქალაქო მეცნიერთა შორის თანამშრომლობას გულისხმობს.
წინამდებარე პრეზენტაცია, რომელიც იყენებს ჰესენ-ნასაუს ლექსიკონს (HNWb) როგორც ცალკეული შემთხვევის ანალიზს, დიალექტური ლექსიკონების შექმნასა და შეფასებაში სამოქალაქო მეცნიერთა ცვალებად როლს იკვლევს. HNWb ფართომასშტაბიანი ისტორიული ლექსიკონია, რომელშიც გამოყენებულია ენობრივი მასალები გერმანიის სამი ძირითადი დიალექტური რეგიონიდან: ქვემოგერმანულიდან, ზემოგერმანულიდან და სამხრეთგერმანულიდან. პროექტის არქივი მოიცავს 6500-ზე მეტ შევსებულ ანკეტას, რომლებიც მოსახლეობას 1914-1926 წლებში დაურიგდა, და აგრეთვე 300 000-ზე მეტ ლემატიზებულ ბარათს, რომლებშიც დაახლოებით 1,5 მილიონი ცალკეული დიალექტური ჩანაწერია შესული. ანკეტის პასუხები შეეხება მრავალ სხვადასხვა თემას, როგორებიცაა ოჯახი და ყოველდღიური ცხოვრება, ტრადიციული ადათ-წესები, რეგიონული ფლორა და ფაუნა და ადგილობრივი ცოდნა. გამოკითხვებში ასევე შედის სემასიოლოგიური და ონომასიოლოგიური დავალებები, როგორიცაა ილუსტრირებული საგნების (მაგ. საქსოვი დაზგის) ნაწილების დასახელება და კონკრეტულ ცნებათა აღმნიშვნელი ადგილობრივი გამოთქმების ჩამოთვლა. საარქივო მასალის შენარჩუნებისაკენ მიმართული უფრო ფართო
ძალისხმევის ფარგლებში, ამჟამად უკვე მთელი არქივია გაციფრებული, და ეს მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად შეგროვებული მასალის მხოლოდ ნაწილი იყო ტრანსკრიბირებული და ლექსიკონში გამოყენებული. თუმცა, მარტოოდენ გაციფრების წყალობით მონაცემები თანამედროვე ლინგვისტური ანალიზისთვის სრულად ხელმისაწვდომი ან გამოყენებადი ვერ იქნება. ამ ხარვეზის შესავსებად შემუშავდა ორი ციფრული პლატფორმა, რათა მათი დახმარებით შესაძლებელი გახდეს საზოგადოების აქტიური მონაწილეობა მონაცემთა დამუშავებასა და გამდიდრებაში: (1) ონლაინ-ანკეტის აპლიკაცია, შექმნილი როგორც სამოქალაქო მეცნიერების ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებლებს ისტორიული დიალექტური მონაცემების ტრანსკრიბირების საშუალებას აძლევს (https://apps.dsa.info/hnwb/) და (2) PostgreSQL მონაცემთა ბაზაზე დაფუძნებული დოკუმენტის რედაქტორი, აღჭურვილი FastAPI ჩარჩოთი, რაც აადვილებს ბარათების დეტალურ ანოტირებას, ისეთი მეტამონაცემების ჩათვლით, როგორიცაა ლემა, მნიშვნელობა, დოკუმენტის შედგენის ლოკაცია და ჩანაწერის ავტორის ვინაობა. ეს ინსტრუმენტები არა მხოლოდ აუმჯობესებს მონაცემებზე წვდო-
მას, არამედ ასახავს სამოქალაქო მონაწილის როლის კონცეპტუალურ ცვლილებას – კვლევის საგნიდან აქტიურ თანაავტორამდე. სამოქალაქო მეცნიერები უკვე აღარ აღიქმებიან მარტოოდენ ინფორმანტებად, არამედ მოიაზრებიან აქტიური წვლილის შემტან პირებად, რომლებიც ლექსიკოგრაფიულ პროცესს ამდიდრებენ და ენობრივი ცოდნის თანაშემოქმედნი ხდებიან. აღნიშნული ცვლილება ასახავს ცოდნის გამდიდრების საქმეში რეგიონული გამოცდილების წვლილის სულ უფრო მზარდ აღიარებას და არაპროფესიონალთა პოტენციალს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ სამეცნიერო კვლევაში. დასასრულ, ჰესენ-ნასაუს ლექსიკონის პროექტი ღირებულ ინფორმაციას გვაწვდის იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ისტორიულ მონაცემთა რეკონტექსტუალიზაცია და რევიტალიზაცია თანამედროვე ციფრული მეთოდებისა და სამონაწილეო პრაქტიკების გამოყენებით. იგი განსაკუთრებით გამოყოფს მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობას ენობრივი მემკვიდრეობის როგორც შენარჩუნებაში, ასევე შემდგომ განვითარებაში და ხაზს უსვამს აუცილებლობას, კიდევ უფრო ღრმად იქნეს შესწავლილი ისეთი საკითხები, როგორიცაა მონაცემთა ხარისხი, წვრთნა და თანამშრომლობის ინფრასტრუქტურა სამოქალაქო მეცნიერებაზე დაფუძნებულ ლექსიკოგრაფიაში.