ენაში ანალიტიზმის წარმოქმნის მიზეზები. დეგრადაცია თუ განვითარება? (თანამედროვე ქართული ენისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი ტენდენციის მაგალითზე)
ანოტაცია
ენების განვითარებაზე და სინთეზური, მორფოლოგიურად მდიდარი და მრავალფეროვანი ტიპიდან ანალიზურ, თითქოსდა მორფოლოგიურად „გამარტივებულ“ ტიპზე მათი გადასვლის შესახებ ენათმეცნიერებაში ოდითგანვე ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებები გამოითქმებოდა.
რომანტიკული მიმდინარეობის წარმომადგენლები: იაკობ და ვილჰელმ გრიმები, იოჰან გ. ჰერდერი და სხვანი (Rastorguyeva, 1983, pp. 20-21), მიიჩნევდნენ, რომ ძველი ინდოევროპული და გერმანიკული ენების დიაქრონიული განვითარება და თანამედროვე ენებად მათი ჩამოყალიბების პროცესი არსებითად მათს გადაგვარებას და დეგრადაციას წარმოადგენდა. ამგვარი დეგრადაციის მკაფიო გამოხატულებად მათ ამ ენების გრამატიკული ფორმების, ბრუნებისა და უღლების მრავალფეროვნებისა და სიმდიდრის დაკარგვა ესახებოდათ. თუ ერთმანეთს შევადარებთ ანგლოსაქსურ (ძველინგლისურ) და თანამედროვე ინგლისურ, ლათინურსა და იტალიურ, ძველ ზემოგერმანულსა და თანამედროვე გერმანულ, ანდა პროტოგერმანიკულთან ძალზე ახლოს მყოფ გოთურსა და, ვთქვათ, თანამედროვე შვედურ ენებს, თვალნათლივ დავინახავთ, რას ეფუძნებოდა ლინგვისტიკის „რომანტიკოსთა“ ამგვარი მიდგომა.
მეორე მხრივ, ცნობილი დანიელი ენათმეცნიერი ოტო იესპერსენი მიიჩნევდა, რომ ენაში მიმდინარე დიაქრონიული პროცესები და ცვლილებები არსებითად მის დახვეწაში და პროგრესში მდგომარეობს და რომ ეს პროცესები ენის ეფექტიანობის უცილობელ ზრდას იწვევს. ითვლება, რომ მის ამგვარ შეხედულებებზე გარკვეული ზეგავლენა ჩარლზ დარვინისეულმა ევოლუციის თეორიამაც მოახდინა. იესპერსენის ფუნდამენტური ნაშრომის: „ენა, მისი ბუნება, განვითარება და წარმოშობა“ XVII თავს ასევე ეწოდება: „პროგრესი თუ გადაგვარება?“ (Progress or Decay?) (Jespersen, 1922, pp. 319-337). სწორედ ამ თავმა და მისმა საერთო სულისკვეთებამ შთაგვაგონა, წინამდებარე ნაშრომი ამგვარად დაგვესათაურებინა.
თავად ჩვენი ნაშრომის მიზანია, განვიხილოთ ანალიზური კონსტრუქციები, რომლებიც საკმაოდაა მომრავლებული თანამედროვე ქართულში, თუმცა ტრადიციული ქართული ენათმეცნიერება მათ ან ვერ ამჩნევს, ან მათ ქართული ენის ნორმების დარღვევად, კალკებად და შეცდომებად მიიჩნევს და შეძლებისდაგვარად ებრძვის. სტატიაში შევეცდებით გავაანალიზოთ, რა ენობრივი თუ საკომუნიკაციო აუცილებლობა განაპირობებს ამგვარი ანალიზური კონსტრუქციების გაჩენასა და გამრავლებას კონკრეტულად ქართულში და ზოგადად ენებში, როგორც ასეთში, და გამოვთქვამთ ჩვენს მოსაზრებასაც იმის თაობაზე, ენაში ამგვარი პროცესების მიმდინარეობა და საზოგადოდ ასეთი (ანალიზური) მიმართულებით ენის განვითარება მის გადაგვარებას და დეგრადაციას იწვევს, თუ პირიქით, უფრო ქმედითსა და გამომსახველს ხდის მას და აზრის მკაფიოდ და გასაგებად გამოთქმის აუცილებლობითაა განპირობებული.