ქართული საფინანსო ტერმინოლოგიის პრობლემები
ანოტაცია
ენა დინამიკური სისტემაა, რომელიც საზოგადოების ცვლილებებს პირდაპირ ასახავს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა დარგობრივ ტერმინოლოგიაში, სადაც გლობალიზაციისა და ტექნოლოგიური განვითარების ფონზე მუდმივად ჩნდება ახალი ცნებები. ქართული საფინანსო ტერმინოლოგია ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს: საბჭოთა გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო სისტემაზე გადასვლამ, შემდეგ კი დასავლურ სამყაროსთან ინტეგრაციამ ტერმინოლოგიაზე ღრმა კვალი დატოვა. ამდენად, ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა შესაძლებლობა, რომ შეგვემოწმებინა უცხო ენების გავლენა და ასევე მათგან დამოუკიდებელი უარყოფითი პროცესები დარგობრივ ტერმინოლოგიაზე.
წინამდებარე ნაშრომი იკვლევს თანამედროვე ქართული საფინანსო ტერმინოლოგიის ძირითად პრობლემებს. კვლევა აჩვენებს, რომ დარგი დღეს ტერმინოლოგიური სიჭრელის, შეუთანხმებლობისა და სტანდარტიზაციის სერიოზული ხარვეზების წინაშე დგას: ერთი და იგივე ცნებისთვის ხშირად რამდენიმე პარალელური ფორმა გვხვდება; ხშირად არ არის დაცული ტრანსლიტერაციის დადგენილი ნორმები; ზოგჯერ უგულებელყოფილია ქართული ენის მორფოლოგია; უცხოური ტერმინები კი ნასესხებია მაშინაც კი, როდესაც ქართული შესატყვისი სრულიად ადეკვატური იქნებოდა.
კვლევაში გამოყენებულია პარალელური კორპუსის პლატფორმა და თანამედროვე ტერმინოლოგიური ინსტრუმენტი SynchroTerm, რომელიც ორენოვანი კორპუსის ბაზაზე ტერმინთა ავტომატურ ამოღებას უზრუნველყოფს. მიღებული შედეგები ადასტურებს სისტემური ტერმინოლოგიური მუშაობის გადაუდებელ აუცილებლობას საქართველოში.