სოციოლინგვისტიკური მონაცემთა ბაზიდან სასწავლო ინსტრუმენტამდე: პლურიცენტრული უნგრული ენის დოკუმენტირება და სწავლება Termini-ის ონლაინ უნგრული ლექსიკონის გამოყენებით
ანოტაცია
1920 წელს დადებული ტრიანონის ხელშეკრულების შედეგად შეცვლილი უნგრეთის საზღვრები, მცირე გამონაკლისების გარდა, დღემდე თითქმის უცვლელად შემორჩა. საზღვრების ცვლილებამ და ახალი პოლიტიკური საზღვრების დაწესებამ სამ მილიონზე მეტი უნგრელი ლტოლვილად აქცია, რადგან ისინი აღმოჩნდნენ საკუთარი სამშობლოს ფარგლებს მიღმა. ეს უნგრული თემები ამჟამად ცხოვრობენ უნგრეთის მეზობელი სახელმწიფოების სასაზღვრო რეგიონებში და მათი უმრავლესობა ინარჩუნებს უნგრულ იდენტობასა და მშობლიურ ენას. 1989 წლის პოლიტიკურ ცვლილებამდე, საზღვრებს გარეთ მცხოვრები უნგრელების ენის გამოყენების საკითხს შედარებით ნაკლები ყურადღება ექცეოდა ბოლო სამ ათწლეულთან შედარებით. უნგრული არის პლურიცენტრული ენა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის სხვადასხვა ფორმით გამოიყენება სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის: სახელმწიფოს ადმინისტრაციაში, განათლებაში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, რელიგიურ ცერემონიებში, კულტურულ ცხოვრებასა და სამეცნიერო კვლევებში, კარპატების (პანონიის) აუზის რამდენიმე ქვეყანაში. 2001 წელს დაარსდა Termini Hungarian Language Research Network (ტერმინის უნგრული ენის კვლევის ქსელი), რომელიც მიზნად ისახავდა მეზობელ ქვეყნებში მოქმედი უნგრული ლინგვისტური კვლევითი ინსტიტუტების გაერთიანებას. ამ ქსელში ჩართულმა ლინგვისტებმა დაიწყეს მასშტაბური ლექსიკური დოკუმენტაციის პროექტი (ტერმინის უნგრულ-უნგრული ონლაინლექსიკონი და მონაცემთა ბაზა), რომელსაც “საზღვრების გაუქმების“ ლექსიკონის პროექტი ეწოდა. მისი მიზანი იყო უნგრული დიალექტების იმ განსაკუთრებული ლექსიკური ელემენტების აღწერა, რომლებიც გამოიყენება უნგრეთის საზღვრებს მიღმა. ეს ელემენტები უნდა ჩართულიყო უნგრულ ლექსიკონებსა და ცნობარებში. ეს ინიციატივა მიზნად ისახავდა ენობრივი განსხვავებების ჩანაცვლებას ლექსიკური დაახლოების პოლიტიკით. Termini-ს ქსელის ლინგვისტები მხარს უჭერდნენ სტანდარტული უნგრული ლექსემების გვერდით, საზღვრებს გარეთ მცხოვრები უნგრულენოვანი თემების მიერ ფართოდ გამოყენებული (სტანდარტული ვარიანტისგან განსხვავებული) ლექსიკური ერთეულების შეტანას ახალ ლექსიკოგრაფიულ ნაშრომებსა და ლექსიკონებში (მაგ., Concise Dictionary of Hungarian, Concise Dictionary of Hungarian Orthography, Dictionary of Foreign Words and Phrases).
Termini-ს უნგრულ-უნგრული ონლაინლექსიკონი და მონაცემთა ბაზა აღწერს უნგრული ენის ლექსიკას, როგორც ის გამოიყენება უნგრეთის მიმდებარე ქვეყნებში. იგი ითვლება თანამედროვე უნგრული ენის ზოგად ლექსიკონად და წარმოადგენს რესურსს უნგრული ენის ვარიანტებზე ჩატარებული რამდენიმე ლინგვისტური კვლევისათვის. ლექსიკონის თითოეული სიტყვა-სტატია შეიცავს ავთენტიკურ საილუსტრაციო წინადადებებს, რომლებიც ასახავს სასათაურო სიტყვის გამოყენებას, რაც შესაძლებელს ხდის სიტყვის ან კონსტრუქციის განსაკუთრებული გამოყენების შესწავლას გრამატიკულ და პრაგმატულ კონტექსტში. ლექსიკოგრაფიული მონაცემთა ბაზა რედაქტირებულია ონლაინრეჟიმში რვა ქვეყანაში. ლექსიკონი შეიქმნა, როგორც ონლაინწყარო ლინგვისტური კვლევისთვის და როგორც მასალა უნგრული ენის ვარიანტების ლექსიკური სისტემის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
სტატია განიხილავს მეთოდოლოგიურ ასპექტებს (საუკეთესო პრაქტიკებს), რომლებიც ლექსიკონის ინტეგრირებას უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში – განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა მოიცავს მეზობელ ქვეყნებში გამოყენებული უნგრული ენის ვარიანტების შესწავლას. ონლაინრედაქტირება შესაძლებელს ხდის ლექსიკონის ერთდროულ განვრცობას რვა ქვეყნის სპეციალისტების მუშაობის შედეგად, რაც მას აქცევს უახლეს და ამოუწურავ რესურსად როგორც მკვლევრებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის. პრეზენტაციაში ყურადღება გამახვილდება ლექსიკონის შესახებ სიახლეებსა და თავისებურებებზე, მათ შორის: ლექსიკონის სტრუქტურაზე, ტექნოლოგიურ მხარდაჭერაზე, მონაცემთა ბაზის მახასიათებლებზე, მულტიმედიურ ელემენტებზე და ბოლოს ლექსიკონის გამოყენების სწავლების ეფექტიან სტრატეგიებსა და ტექნიკებზე.