კოდის შერევის ნიმუშები კორპუსზე დაფუძნებულ მეგრულ-ინგლისურ ლექსიკონში

გვერდები: 11-25
საკვანძო სიტყვები: მეგრული; კოდის შერევა; ენათაშორისი კონტაქტი; კორპუსზე დაფუძნებული ლექსიკოგრაფია; საფრთხეში მყოფი ენების დოკუმენტირება

ანოტაცია

ბოლო პერიოდში საფრთხეში მყოფი ენების შესწავლისას სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება კოდის შერევის ლინგვისტური და ლექსიკოგრაფიული ასპექტების კვლევა. მოხსენებაში განიხილება კორპუსზე დაფუძნებული მეგრული ენის ლექსიკონის შემუშავების ძირითადი მეთოდოლოგია, პრობლემატიკა და წინასწარი შედეგები კოდის შერევის შემთხვევების დამუშავებისა და დოკუმენტირების თვალსაზრისით. მეგრული – ქართველური ენაა, რომელზეც, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში მეტყველებენ. მეგრულის კონტაქტი ქართულთან და, გარკვეულწილად, რუსულთან ორენოვანი და მრავალენოვანი ურთიერთქმედების განსაზღვრულ მაგალითს წარმოადგენს. მეგრული უმწერლობო ენაა და, მეგრულად მოსაუბრეები ყოველდღიურ მეტყველებაში ხშირად ურევენ საკონტაქტო ენებს, ქმნიან შერეულ შესიტყვებებს და ჰიბრიდულ ლექსიკურ ერთეულთა ფართო სპექტრს. მოხსენებაში განიხილება კოდის შერევის შემთხვევები და მათი ინტეგრაცია ლექსიკოგრაფიულ რესურსში, როგორიცაა მეგრულის ლექსიკონი. მონაცემთა ანალიზი აჩვენებს, რომ კოდის შერევა მხოლოდ ნასესხები სიტყვებისა თუ კალკების გამოყენებას არ ნიშნავს, არამედ წარმოადგენს დინამიკურ პროცესს, რომელსაც აქვს საკუთარი ლექსიკური და გრამატიკული წესები, რაც გულისხმობს ნასესხები ენობრივი ელემენტების (ძირი, ფუძე, ზოგჯერ-აფიქსი) მიმღები ენის მორფოსტრუქტურაში ჩასმას. შესაბამისად, კორპუსზე დაფუძნებული მეგრულ-ინგლისური ლექსიკონისა და მეგრული მორფემების ლექსიკონის სრულყოფილი აღწერის ნაწილს წარმოადგენს იმ ენათაშორისი კონტაქტების გამოვლენა, რომლებიც მეგრულ ენაზე თანამედროვეთა მეტყველებას ახასიათებს.

სწორედ ამ მიზნით მოხსენებაში განიხილება კოდის შერევის შემთხვევები, რომლებიც ეფუძნება ზეპირი მეტყველების ციფრულ კორპუსს, დიალოგების ჩანაწერებს, მონათხრობებს და ინტერვიუირების გზით ბოლო სამი წლის მანძილზე (2021–2024) სამეგრელოში მოპოვებულ მასალას. ლექსიკონი მოიცავს სხვადასხვა დონეზე შერეულ ფორმებს, მათ შორის: კოდის შერევის (მეგრულ ტექსტში ჩართულ ქართულ სიტყვებს), კოდის გადართვის (მეგრულსა და სხვა ენას შორის გადართვის შემთხვევებს წინადადებებისა ან მათი საზღვრების დონეზე) და ლექსიკალიზაციის შემთხვევებს (მორფოსინტაქსური ნიშნების გაზიარებას ენებს შორის).

მოხსენება ასახავს მეთოდოლოგიურ ჩარჩოს, რომელიც გამოიყენება ლექსიკონში კოდის შერევის შემთხვევების იდენტიფიცირებისთვის, ანოტირებისა და წარმოჩენისთვის. იგი მოიცავს გადაწყვეტილებებს შესაბამისი ერთეულების შერჩევის კრიტერიუმებთან (მაგ. რომელი შერეული ფორმა უნდა იყოს დოკუმენტირებული), კორპუსში ტეგირებისა და მეტამონაცემების ასახვასთან დაკავშირებით; ასევე სტრატეგიებს ლექსიკური ერთეულების განმარტებების, ეტიმოლოგიებისა და მაგალითების გამოყენებისთვის. მოხსენებაში განიხილება ნასესხები სიტყვების ძირითადი მახასიათებლები, მათ შორის გამოყენების სიხშირეც და სხვა ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ იმაზე, თუ რომელი შერეული ფორმა შევა ლექსიკონში და როგორ იქნება წარმოდგენილი.

და ბოლოს, სტატიაში განისაზღვრება მეგრულში კოდის შერევის შემთხვევების ლექსიკოგრაფიული დამუშავების პრინციპები, რომლებიც მოიცავს:

• შერეული ფორმების შერჩევისა და ლექსიკონში ჩასმის კრიტერიუმებს;

• ენებს შორის კოლოკაციებისა და ჰიბრიდული ფორმების წარმოჩენის სტრატეგიებს;

• კორპუსზე დაფუძნებულ მიდგომებს შერეული ფორმების სიხშირისა და გავრცელების დოკუმენტირებისთვის.

სტატია რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. შესავალი წარმოადგენს მეგრულის ენის ისტორიული განვითარებისა და მისი დღევანდელი სოციოლინგვისტური კონტექსტის მიმოხილვას, მისი ლექსიკური მახასიათებლებისა და კონტაქტების დოკუმენტირების მნიშვნელობის აღწერას. თეორიული ნაწილი მოიცავს კოდის შერევის და კოდის გადართვის კვლევას შესაბამის ლინგვისტურ და ლექსიკოგრაფიულ კონტექსტში და კორპუსის დეტალურ აღწერას, მონაცემთა წყაროებისა და შეგროვების მეთოდების, ტექსტების ტიპების დახასიათებას. მეთოდოლოგიის ნაწილი განმარტავს ჩარჩოს, რომელიც გამოიყენება შერეული მასალის იდენტიფიცირებისთვის, ანოტირებისა და ანალიზისთვის, მათ შორის, ფორმების შერჩევის კრიტერიუმებს, ტეგირების პრინციპებსა და ლექსიკური ერთეულების სტრუქტურას. ანალიზისა და მიგნებების ნაწილი წარმოადგენს დაკვირვებას და მსჯელობას კოდის შერევის შემთხვევებზე. დასკვნაში წარმოდგენილი შემაჯამებელი დებულებები ხაზს უსვამს ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ლექსიკოგრაფიის მნიშვნელობას საფრთხეში მყოფი ენებისათვის.