თანამედროვე ქართული ნეოლოგიზმების სემანტიკური და ფორმალური კლასიფიკაცია

გვერდები: 36-48
საკვანძო სიტყვები: ნეოლოგიზმები; თემატური ჯგუფები; ნასესხობები; რთული სიტყვები; სიტყვათწარმოება; პრეფიქსები; პრეფიქსოიდები

ანოტაცია

ენაში წარმოქმნილი ახალი სიტყვები – ნეოლოგიზმები, მისი ევოლუციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ახალი ლექსიკური ერთეულები სხვადასხვა სფეროში ჩნდება და, როგორც წესი, ასახავს ამ ენობრივ საზოგადოებაში მიმდინარე სოციალურ, კულტურულ, პოლიტიკურ თუ სხვა პროცესებს. ნეოლოგიზმების გაჩენა ენაში მიანიშნებს, რომ სფერო, რომელშიც მრავლად შეინიშნება ახალი სიტყვები, ვითარდება, განიცდის პროგრესს. სწორედ ამგვარი ცვლილებები და სიახლეები ხდის ენას ცოცხალსა და დინამიკურს. ბოლო წლებში, ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე ქართულ ენაშიც არაერთი ახალი სიტყვა გაჩნდა.

ქართულ ენაში ნეოლოგიზმების აღმოჩენის ჩვენ მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე, ნეოლოგიზმების კორპუსიდან შეიკრიბა 1,700 ახალი სიტყვა (Laluashvili, Margalitadze, 2025). წინამდებარე მოხსენებაში წარმოვადგენთ ამ სიტყვების შესწავლის შედეგებს სემანტიკური და ფორმალური თვალსაზრისით. ქართული ნეოლოგიზმების შესწავლამ გამოავლინა რამდენიმე პროდუქტიული სფერო, რომელშიც ენობრივმა სიახლეებმა მეტად მოიკიდა ფეხი. ეს დარგებია: პოლიტიკა, ტექნოლოგიები და ინტერნეტი, მედია, მედიცინა, განათლება, საზოგადოება და სოციალური ცხოვრება, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ბიზნესი, ფინანსები, სპორტი, ხელოვნება, კვება და კატეგორია სხვა, რომელშიც გავაერთიანეთ ის ნეოლოგიზმები, რომლებიც არცერთ კონკრეტულ დარგს არ განეკუთვნება.

ძალიან საინტერესოა ქართული პოლიტიკური ნეოლოგიზმების ანალიზი, რომლებიც საკმაოდ ზუსტად ასახავენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღევანდელ დემოკრატიულ უკუსვლამდე. ამ უკანასკნელმა მოვლენებმა ენაში ბევრი უარყოფითი კონოტაციის დამცრობითი სიტყვა გააჩინა.

საინტერესოა განათლების სფეროში აღმოცენებული ნეოლოგიზმები, რომლებიც ასახავენ 2005 წელს საქართველოს ბოლონიის პროცესთან შეერთებისა და საგანამათლებლო რეფორმის გატარების შედეგებს, რამაც მოახდინა საქართველოს ინტეგრაცია დასავლთის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში. ახალი სიტყვების წარმოქმნაში დიდი წვლილი შეიტანა კოვიდ-19-მაც. მას შემდეგ რაც მსოფლიო პანდემიამ მოიცვა, სამედიცინო სფერო გახდა მეტად პროდუქტიული ახალი სიტყვების წარმოების პროცესში და ამ მხრივ არც ქართული ენა იყო გამონაკლისი. მედიცინის დარგში ცალკე გამოვყავით ესთეტიკური მედიცის სფერო, რაც მეტყველებს ამ მიმართულების პოპულარობაზე და თავის მოვლის ახალი საშუალებების აქტიურ დანერგვაზე საქართველოში.

2022 წელს დაწყებული რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საერთაშორისო პოლიტიკაში გაჩნდა არაერთი ახალი ტერმინი, მათ შორის სამხედრო ტერმინები, რაც ქართულ ენაშიც შემოვიდა ნასესხობის სახით.

გარდა ამ პროცესებისა, ენობრივი სიახლები ვრცელდება ტექნოლოგიებისა და ციფრული კომუნიკაციების განვითარების შედეგადაც, რამაც ქართულ ენაში არაერთი სიახლე შემოიტანა. რაც შეეხება თანამედროვე ქართული ნეოლოგიზმების ფორმალურ კლასიფიკაციას, ამ მიმართულებით გამოიყო ექვსი ძირითადი კატეგორია. ყველაზე გავრცელებული კატეგორიაა სესხება, შემდეგ მოდის სიტყვათწარმოება, სიტყვათა შემოკლება, მნიშვნელობის გადაწევა, შერწყმული სიტყვები და კატეგორია სხვა. მოხსენებაში განვიხილავთ მხოლოდ სესხებისა და სიტყვათწარმოების ნიმუშებს, რადგან აღნიშნულთაგან ყველაზე უფრო ნაყოფიერი და მრავალრიცხოვანი სწორედ ეს ორი კატეგორია აღმოჩნდა. როგორც აღინიშნა, სესხება არის ნეოლოგიზმების წარმოშობის ერთ-ერთი პროდუქტიული მეთოდი. გლობალიზაციის, ტექნოლოგიური პროგრესისა და ინტერნეტკომუნიკაციის პირობებში მნიშვნელოვნად გაიზარდა სხვა ენებიდან — განსაკუთრებით ინგლისური ენიდან — შემოსული ლექსიკური ერთეულები. კვლევის ფარგლებში გამოიყო ნასესხობის სამი ტიპი: პირდაპირი ნასესხობა, მორფოლოგიურად ადაპტირებული ნასესხობა და კალკი, ანუ თარგმნითი ნასესხობა. პირდაპირი ნასესხობის დროს ქართული ენა სიტყვებს სესხულობს ფორმაუცვლელად ან მინიმალური ცვლილებით (მაგ.: ბლოგი (blog), ვებსაიტი (website), სმარტფონი (smartphone), ბრაუზერი (browser), სელფი (selfie), ჰეშტეგი (hashtag), ვებინარი (webinar)).

ქართული ენის მოქნილი გრამატიკული სისტემის წყალობით, ნასესხობების ენაში ინტეგრაცია მეტად მარტივდება. ქართული ენის მდიდარი მორფოლოგიის წყალობით ხდება უცხოური წარმომავლობის სიტყვების ენაში ადაპტაცია, მორგება და „გაქართულება“. ასეთი სიტყვები ქართულში გადმოსვლისას იღებენ ქართული ენის მახასიათებლებს და უცხოურ ფუძეს ემატება ქართული პრეფიქსები, სუფიქსები, ბრუნვის ნიშნები და სხვა (მაგ.: ჰიბრიდული, დიგიტალური, დათაგვა, დაბლოკვა, დაგუგლვა). თანამედროვე ქართულ ენაში ლექსიკური ინოვაციების ერთ-ერთი ნაყოფიერი წყაროა თარგმნითი ნასესხობა ანუ კალკი. კალკები უცხოური ლექსიკური ერთეულების სიტყვასიტყვითი თარგმანია. ამ გზით ენა ივსება ისეთი ახალი ლექსიკური ერთეულებით, რომლებიც იქმნება ენის შიდა რესურსებით და არ ხდება საჭირო უცხოენოვანი სიტყვების პირდაპირი გადმოტანა (მაგ: ემოციური ინტელექტი (‘emotional intelligence’), სოციალური ქსელი (‘social network’), კლიმატური ცვლილება (‘climate change’)).

ქართულში სიტყვათწარმოება კიდევ ერთი პროდუქტიული მეთოდია ახალი სიტყვების შექმნის პროცესში. სიტყვათწარმოებისას გამოიყოფა ორი ძირითადი მიმართულება: რთული სიტყვები და ნაწარმოები სიტყვები. რთული სიტყვების წარმოქმნა ხდება ორი ან მეტი დამოუკიდებელი სიტყვის შერწყმის შედეგად (მედია+გარემო, ვიდეო+თვალი, ინტერნეტ+ბანკი). ზოგიერთი ლექსიკური ერთეული თავად იქცა რთული სიტყვების მაწარმოებელ კომპონენტებად, ესენია: აუდიო-, ბიზნეს-, ვიდეო-, ინტერნეტ-, მედია-, ონლაინ-. აღნიშნული ელემენტები, გარდა ბიზნესისა, გამოიყენება ინტერნეტისა და ციფრული სამყაროს ტერმინების შექმნის პროცესში. ნაწარმოებ სიტყვებში გამოიყო სამი ტიპის წარმოება: პრეფიქსული წარმოება, სუფიქსული წარმოება და პრეფიქს-სუფიქსული წარმოება. სუფიქსული წარმოების ელემენტები, რომლებიც მოპოვებული მასალის საფუძვლზე გამოიკვეთა არის: -ადი, -ობა, -ური, -ული -იანი, -ერი, -იზაცია. პრეფიქს-სუფიქსული წარმოების მაგალითების ანალიზის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ელემენტები: ანტი- + -ური/-ული (ანტიგენდერული, ანტიევროატლანტიკური), არა- + -ული/ადი (არასანქცირებული, არაოპერირებადი, არაპროვოცირებული), დე- + -(იზ)აცია (დეკრიმინალიზაცია, დელეგიტიმაცია, დეოლიგარქიზაცია), და- + -ება/ვა (დალაიქება, დაგუგლვა, დაბუსტვა). თანამედროვე ქართულ ენაში გაჩენილი ნეოლოგიზმების სემანტიკური და ფორმალური კლასიფიკაციის შედეგად გამოვლინდა, რომ ენა მარტივად ითვისებს ახალ ლექსიკურ ერთეულებს, ახდენს მათ ინტეგრაციას ენაში და საჭიროების შემთხვევაში, არგებს ქართული ენის გარამატიკულ სტრუქტურასაც.