ფრეიმებზე-დაფუძნებული პერსპექტივები სამართლებრივ სისტემათაშორისი თარგმნისათვის განკუთვნილ ორენოვან იურიდიულ ლექსიკონებში
ანოტაცია
სამართლის დარგს იურიდიული ენისათვის დამახასიათებელი თავისებურებებიდან გამომდინარე გამორჩეული ადგილი უკავია დარგობრივი ენების სწავლებასა და თარგმანში. სამართლებრივ და ლინგვისტურ კვლევებში, ხშირად ეს თავისებურებები გამოყენებულია იმის მტკიცებულებად, რომ იურიდიული ენა უნდა გამოიყოს სხვა დარგობრივი ენებისაგან (იხ. Sandrini, 1999). სპეციალიზებული ენების კვლევებში სამართლისთვის ადაპტირებული მიდგომები უკეთესად აღწერენ „იურიდიული ენისათვის“ დამახასიათებელ სემანტიკურ სირთულეებს (Cao, 2007, გვ. 8). შედეგად, აღმოცენდა ისეთი ქვედარგები, როგორიცაა იურიდიული ლინგვისტიკა, რომელიც გერმანულ ტრადიციაში ცნობილია Rechtslinguistik-ის სახელით (Gémar, 2015) და იურიდიული თარგმანმცოდნეობა (Prieto Ramos, 2014), რომელსაც ფრანგულში შეესაბამება juritraductologie (Monjean-Decaudin, 2022). ამ ქვედარგების მიზანია, ერთი მხრივ, შეისწავლონ იურიდიული ენის ნორმატიული ბუნება (Jeand’Heur, 1998), რომელიც განპირობებულია სამართლის ტერმინოლოგიის ვალდებულებითი ხასიათით, რადგან ის ადამიანის მიერ შექმნილი საზოგადოებრივი წესების სისტემის ნაწილია (Sparer, 2002). სასამართლო პრაქტიკის, კანონმდებლობისა და იურიდიული დოქტრინის უწყვეტი ბუნებიდან გამომდინარე, რომლებიც წარმოადგენენ იურიდიული ენისა და ტერმინოლოგიის წყაროებს (Constantinesco, 1974), იურიდიული ტერმინოლოგიის დინამიკური ბუნება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტერმინოლოგიის მართვაში. სამართლის ცნებები მოცემულია კონკრეტული დროის მონაკვეთში, რაც სამართლის, როგორც „მეტაფიზიკური მოვლენის“ (Mattila, 2006, გვ. 105) ბუნებით არის განპირობებული. თავის მხრივ, სწორედ აღნიშნული ფაქტი, იწვევს გარკვეულ სემანტიკურ ბუნდოვანებას (Dullion, 2015).