უცხო სიტყვათა ლექსიკონების სტრუქტურის განვითარება სლოვაკურ ენაში

გვერდები: 157-169
საკვანძო სიტყვები: ნასესხობები; სალექსიკონო დეფინიციები; მშობლიური და ნასესხები სუფიქსები

ანოტაცია

ენების კონტაქტი ხშირად იწვევს ლექსიკური ერთეულების სესხებას. თუმცა, მიმღებ ენაში ნასესხები სიტყვების სტატუსს ყოველთვის კრიტიკულად უდგებიან ამ ენაზე მოსაუბრე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. ლექსიკოგრაფებისათვის უმნიშვნელოვანესია ნასესხები სიტყვების ტექსტებში გამოყენების შესწავლა. ამას მოსდევს გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რაც გულისხმობს იმის განსაზღვრას, თუ რამდენად ღირს ამა თუ იმ ნასესხები სიტყვის ლექსიკონში შეტანა. სიტყვების შერჩევის კრიტერიუმები კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ლექსიკონთან გვაქვს საქმე. ლექსიკონს, რომელშიც ნასესხები სიტყვები მთავარ როლს ასრულებს, უცხო სიტყვათა ლექსიკონი ეწოდება. უცხო სიტყვები ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს დარგობრივ ლექსიკონებშიც, სადაც წარმოდგენილია ენის საერთო ლექსიკისაგან გამიჯნული სპეციალიზებული ნაწილი. სვანეფული (Swanepoel 2003: 64), მიმოიხილავს რა დარგობრივი ლექსიკონების ტიპოლოგიას, ასევე ახსენებს ნეოლოგიზმებისა და უცხო სიტყვათა ლექსიკონებსაც. გერმანულ ენაში უცხო სიტყვათა ლექსიკონებს აქვს ორას წელზე მეტი ხნის მყარად დამკვიდრებული ტრადიცია. ჰაუსმანი (1985: 391) ხაზს უსვამს გერმანულში უცხო სიტყვათა ლექსიკონის ორ მთავარ ფუნქციას. ერთი მხრივ, ესაა უცხო სიტყვების მშობლიური წარმოშობის სიტყვებით ჩანაცვლების პურისტული მცდელობა და მეორე მთავარი ფუნქცია არის რთული სიტყვების განმარტება. ეს უკანასკნელი შეესატყვისება ინგლისურში არსებულ მდგომარეობას იმ დროისათვის, როდესაც იქმნებოდა პირველი განმარტებითი ლექსიკონები, რომლებიც ორიენტირებული იყო რთული სიტყვების განმარტებაზე (Osselton 1983: 15). 1750 წლამდე გამოცემული უძველესი ინგლისური ლექსიკონების ფუნქცია ძირითადად იყო კულტურული და საგანმანათლებლო. ბეჟუანი (2000: 94) განმარტავს, რომ იმ დროისათვის ბევრ ბავშვს, ქალსა თუ უცხოელს არ ჰქონდა განათლების მიღების შესაძლებლობა და რთული სიტყების ლექსიკონი იყო თვითგანსწავლის საშუალება.

სლოვაკურ ენაშიც არის უცხო სიტყვათა ლექსიკონების არსებობის ხანგრძლივი ტრადიცია შთაგონებული გერმანული და სლავური მაგალითებით. 1921 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც პირველი უცხო სიტყვათა ლექსიკონი გამოიცა, ორმოცზე მეტი ასეთი ლექსიკონი შეიქმნა. ეს რაოდენობა ნამდვილად შთამბეჭდავია, ვინაიდან ახალი ლექსიკონი, თუ ყოველი განახლებული გამოცემა საშუალოდ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იბეჭდებოდა. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სლოვაკურ ენას დაახლოებით ჰყავს 5 115 000 მომხმარებელი (Eberhard, Simons და Fenning, 2019), ასეთი სახის ლექსიკონების პოპულარობა განსაცვიფრებელია. უცხო სიტყვათა ლექსიკონების ასეთი პოპულარობა მჭიდროდ უკავშირდება სლოვაკი ხალხის ინტერესს ენის განვითარებისადმი, რაც გულისხმობს ხშირად გამოყენებული უცხო წარმოშობის სიტყვების ცოდნას, მათი მნიშვნელობების განმარტების უნარს, მშობლიურ ენაზე მათი შესატყვისების მოძიებასა და ამ სიტყვების სტილისტურად შესაბამის კონტექსტში გამოყენებაში დახელოვნებას.

გასულ საუკუნეში სლოვაკური ლექსიკონები მნიშვნელოვნად განვითარდა. მოცემული ნაშრომის მთავარი მიზანია ამ განვითარების ბუნების შესწავლა. ამ მიზნით ერთმანეთს შევადარე სლოვაკურ ენაში არსებული უცხო სიტყვათა ხუთი ლექსიკონი SCSVS (1939), SCS (1953), SCS (1966), VSCS (1997) და SCSA (2005), რომლის დროსაც აქცენტი გავაკეთე მათ ისეთ მახასიათებლებზე, როგორიცაა მაკროსტრუქტურა, მიკროსტრუქტურა, სავარაუდო მომხმარებელი და შედგენის პრინციპები. ლექსიკონების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იყო ის, რომ თითოეული შედგენილია ისტორიულად სხვადასხვა პერიოდში, რამაც შესაძლოა გავლენა იქონია სწორედ ამ მახასიათებლებზე. კვლევის შედეგები შედარდა გერმანულსა და ინგლისურში არსებულ მდგომარეობას შესაბამის პერიოდში. ეს შედარება განსაზღვრავს უცხო სიტყვათა ლექსიკონების სლოვაკური ტრადიციის ადგილს ფართო ევროპულ კონტექსტში.