სად ვერ გამოვიყენებთ გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს: საერთაშორისო სტანდარტების ახსნა განმარტებითი ლექსიკონის მეშვეობით
ანოტაცია
გენერაციული ხელოვნური ინტელექტისა და დიდი ენობრივი მოდელების პოპულარობის ფონზე, საინტერესოა, განვიხილოთ მათი შეზღუდვები ლექსიკონის შექმნის მიმართულებით, როდესაც საქმე მომხმარებელთა კონკრეტულ ჯგუფებს ეხება. ხელოვნურ ინტელექტს არ შეუძლია დისკურსული ჯგუფების სპეციფიკის გაგება, ხოლო მონაცემთა ძალიან დიდ მასას არ შეუძლია აღწეროს ის რეალობა, რაც უფრო მცირე, დაბალანსებულ და რეპრეზენტაციულ კორპუსში ცხადად იქნება ნაჩვენები. ეს შეიძლება ვაჩვენოთ განმარტებითი ლექსიკონის შექმნის მაგალითზე, რომელიც იმ მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც ისეთი სტანდარტების გამოყენება უწევთ, რომლებიც მათთვის სრულად გასაგები არ არის. ასეთ შემთხვევაში, გენერაციულმა მოდელმა შესაძლოა შესაბამისი ტერმინები იპოვოს, მაგრამ ვერ შეძლოს მათი სათანადოდ განმარტება. ამ ნაშრომში ჩვენ განვიხილავთ მდგრადობასთან დაკავშირებული ცნებების (Sustainability) პრობლემას ფრანგულ ენაში, სადაც ინგლისურიდან თარგმანს თან სდევს კულტურული ვარიაციები, რაც მარტივად შესრულებულ თარგმანში არ ჩანს.
უკვე რამდენიმე წელია, მდგრადობის ცნებამ დიდი მნიშვნელობა შეიძინა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ეროვნულ კანონმდებლობაშიც დაიმკვიდრა ადგილი. ეს საკითხი ადრე მხოლოდ მსხვილ საწარმოებს (კომპანიებს) ეხებოდა, შესაბამისად, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს (კომპანიებს) (შემდგომში – მსს) უბრალოდ არ ესმით, რა წესები არსებობს და რატომ არის მათთვის სასარგებლო ამ წესების შემოღება. მსს-ების საჭიროებებთან ადაპტირების მიზნით, ჩვენ გთავაზობთ განვიხილოთ ისინი, როგორც დისკურსული ჯგუფები ანუ „სოციალურ-რიტორიკული ქსელები, რომლებიც ყალიბდება საერთო მიზნებზე მუშაობისთვის“ (Swales, 1990). პრობლემის ნაწილი ისაა, რომ მსს-ებს, როგორც ჯგუფს, უწევთ იმ საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება, რაც მათთვის ყოველთვის ნათლად გასაგები არ არის. პრობლემა ნაწილობრივ იქიდან გამომდინარეობს, რომ საერთაშორისო სტანდარტები, ძირითადად, ინგლისურ ენაზეა დაწერილი და რომ ტერმინოლოგიური თარგმანი არ ითვალისწინებს კულტურულ სპეციფიკას. მხედველობაში არაა მიღებული ის ფაქტიც, რომ ტექსტის სულისკვეთება შეიძლება სხვადასხვაგვარად იყოს ინტერპრეტირებული. ეს ნათლად იქნა ნაჩვენები „სამუშაოს“ (‘work’) ცნების კვლევაში (Williams & Pensec, 2025), სადაც კორპუსული, ლექსიკოგრაფიული (ლექსიკონების მონაცემების) და სოციოლოგიური ანალიზები რადიკალურად განსხვავებულ აღქმებს აჩვენებს ერთი შეხედვით მარტივი ცნების მიმართ, კოლოკაციური რეზონანსის გამოყენებით. კანონმდებლობაში ცვლილებები ჯერ ინგლისურ ენაზე ჩნდება. ეს
შეიძლება მსხვილ კორპორაციებს პრობლემას არ უქმნის, თუმცა ეს ნამდვილად პრობლემური საკითხია მსს-ებისთვის, რომელთაც არ აქვთ საერთაშორისო კანონმდებლობაში მიმდინარე ცვლილებებისთვის თვალის მიდევნების საშუალება და შესაბამისი თარგმნისთვის გამოყოფილი რესურსები. ამგვარად, სახეზეა ანგლოსაქსური პრაქტიკის დომინირების ტენდენცია, რომელიც ყველა სხვა ქვეყანაში არსებულ სიტუაციას უგულებელყოფს. ამრიგად, მსს-ებს უწევთ დაეყრდნონ შუამავალ ექსპერტებს, რომლებიც შესაძლოა თვითონაც არ იყვნენ ჩართული ასეთი დონის ანალიზში. ისინი ხდებიან ცვლილებების მსხვერპლი და არა მისი აქტიური მონაწილეები. განსხვავებული კულტურული ღირებულებები წარმოქმნის „თარგმანში დაკარგვის“ საფრთხეს, რადგან თავდაპირველად ინგლისურად განმარტებული ცნებები სხვა ენებზე ითარგმნება. კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ტერმინოლოგია, იქნება ეს ინგლისურ თუ სხვა ენაზე, ტერმინოლოგიად რჩება და შესაბამისად, არ არის განკუთვნილი არასპეციალისტი მკითხველისთვის. სწორედ აქ იკვეთება განმარტებითი ლექსიკოგრაფიის მნიშვნელობა, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს ტერმინებსა და იმ ინფორმაციას შორის, რაც საზოგადოების წევრებმა უნდა გაიგონ. ეს ნაშრომი ასახავს ფრანგულ მსს-ებში მდგრადობის ცნების დანერგვის პრობლემას. თუმცა, იგი ორიენტირებულია იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც უკავშირდება კორპუსის შექმნას და მის გამოყენებას კორპუსული ლინგვისტიკის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, ასევე TLex-ის, როგორც ლექსიკონის შექმნისა და მართვის ინსტრუმენტის გამოყენებაზე. ამისათვის, ჩვენ ჯერ აღვწერთ მდგრადობის ცნებასა და გაეროს მიერ დადგენილ „მდგრადი განვითარების 17 მიზანს“ შორის არსებულ ურთიერთკავშირს. შემდეგ განვიხილავთ კორპუსის შექმნისა და გამოყენების, ასევე ლექსიკონის შექმნის საკითხებს, რომელიც ნათლად განსაზღვრულ საზოგადოებრივ ჯგუფს მოერგება. თქვენ ნახავთ, რომ ლექსიკონი აბრევიატურებითაა სავსე, რაც ინფორმაციის არასწორად გაგების საფრთხეს ზრდის. ამიტომ, ლექსიკონში მათ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.