ქართულ-ინგლისური შესიტყვებების სასწავლო ონლაინლექსიკონის მოდელი (შესიტყვებების ლექსიკონების პრინციპებისა და ი. მელჩუკის ლექსიკური ფუნქციების თეორიის გამოყენებით)
ანოტაცია
სტატიაში წარმოვადგენ ქართულ-ინგლისური შესიტყვებების სასწავლო ონლაინლექსიკონის მოდელს, რომელიც დაფუძნებულია კოლოკაციების ლექსიკონების შედგენის პრინციპებსა და იგორ მელჩუკის ლექსიკური ფუნქციების თეორიაზე. ჯერ კიდევ 1920-30-იან წლებში ჰაროლდ პალმერი და ალბერტ ჰორნბი საუბრობენ სიტყვათა კომბინაციის მნიშვნელობაზე ენის შესწავლის პროცესში, თუმცა ეს ენობრივი მოვლენა როგორც ტერმინი, ლინგვისტიკაში პირველად ბრიტანელმა ენამეცნიერმა ჯონ რუპერტ ფერთმა შემოიტანა 1950-იან წლებში. ფერთის შემდეგ ჯონ სინკლერის კვლევებმა მეტად განავრცო და გააღრმავა კოლოკაციების პრაქტიკული გამოყენების მნიშვნელობა, რაც კორპუსული კვლევებისა და ლექსიკური ანალიზის ერთ-ერთ მთავარ პრინციპად იქცა. კოლოკაციების ლექსიკონის, როგორც ჟანრის განვითარებას ხელი შეუწყო კომპიუტერული და კორპუსული ლინგვისტიკის განვითარებამ. კერძოდ, ამ ტიპის ლექსიკონები აქტუალური გახდა მას შემდეგ რაც შესაძლებელი გახდა ენობრივი მონაცემების კომპიუტერული დამუშავება. ლექსიკონის ეს ჟანრი მიზნად ისახავს ბუნებრივი ენის გამოყენების აღწერას და მის დოკუმენტირებას. ამ ტიპის ლექსიკონები ორიენტირებულია არა მხოლოდ ცალკეულ სიტყვებზე და მათ განმარტებეზე, არამედ ამ სიტყვათა ურთიერთკავშირზე, მათ შესიტყვებადობაზე. შესიტყვებების ლექსიკონები უმეტესად ეყრდნობა დიდი მოცულობის ენობრივ კორპუსებს, რაც მათ უფრო სანდოს და ზუსტს ხდის. ამ მხრივ აღსანიშნავია პროექტი COBUILD (Collins Birmingham University International Language Database), რომელიც იყო პირველი ელექტრონული კორპუსი. მასში თავმოყრილია ინგლისური ენის ბუნებრივი გამოყენების მაგალითები და მათზე დაყრდნობით შეიქმნა პირველი კორპუსზე დაფუძნებული ლექსიკონი – COBUILD English Dictionary. ამ პროექტით სინკლერმა გრამატიკულ წესებზე მეტად წინა პლანზე წამოსწია სიტყვათა შესიტყვებადობის საკითხი.
კოლოკაციების საკითხი აქტუალურია იგორ მელჩუკის როგორც განმარტებით კომბინატორული ლექსიკონის თეორიაში, ისე მისი ლექსიკური ფუნქციების თეორიაშიც. ლექსიკური ფუნქციების თეორიის მიხედვით, სიტყვები სხვადასხვა სემანტიკურ კონტექსტში გარკვეულ კავშირში არიან ერთმანეთთან და ამ კავშირს შეგვიძლია ლექსიკური ფუნქცია ვუწოდოთ. ამ თეორიაში სულ აღწერილია 70-მდე ლექსიკური ფუნქცია, რომლებსაც მელჩუკი ჰყოფს სხვადასხვა კატეგორიებად, მათ შორის სინტაგმატურ და პარადიგმატულ ფუნქციებად. სინტაგმატური ლექსიკური ფუნქციები ძირითადად აღწერენ სხვადასხვა მეტყველების ნაწილებს და გვთავაზობენ იმ არსებით თუ ზედსართავ სახელებს, ზმნიზედებსა და ზმნებს, რომლებიც გვხვდება მოცემულ ლექსემასთან. შესაბამისად ფუნქციები გვაძლევენ სემანტიკურად მოსალოდნელ და შესაბამის სიტყვათა წყვილების კომბინაციებს. პარადიგმატული ლექსიკური ფუნქციები, (როგორიცაა სინონიმები, ანტონიმები, კონვერსივები და სხვა) აღწერენ სიტყვებს, რომლებიც ერთსა და იმავე სემანტიკურ კატეგორიას მიეკუთვნება და შესაძლოა ჩაანაცვლონ მოცემული ლექსემა. სინტაგმატური ლექსიკური ფუნქცია კი გამოიყენება მოცემულ სიტყვასთან ერთად. კვლევის ფარგლებში კოლოკაციებთან დაკავშირებული თეორიის, ასევე კოლოკაციების ლექსიკონების შედგენის პრინციპებისა და მელჩუკის ლექსიკური ფუნქციების თეორიის გაცნობის შემდეგ, შემუშავდა მეთოდოლოგია. აღნიშნული მეთოდოლოგიის მიხედვით შესიტყვებები ქართულ-ინგლისური შესიტყვებების სასწავლო ლექსიკონის სიტყვა-სტატიაში კლასიფიცირდება მეტყველების ნაწილების მიხედვით და მიეთითება შესაბამისი ლექსიკური ფუნქციები. აღნიშნული მეთოდი მომხმარებელს საშუალებას აძლევს დეტალურად გაიაზროს ლექსიკური ერთეულების კომბინაციური შესაძლებლობები და საჭიროების შემთვევაში თავად ააგოს გამართული სინტაქსური კონსტრუქციები. მელჩუკის ლექსიკური ფუნქციებიდან შეირჩა მხოლოდ ის სინტაგმატური და პარადიგმატული ლექსიკური ფუნქციები, რომლებიც აქტუალურია ქართულ-ინგლისური ლექსიკოგრაფიული მიზნებისთვის შესიტყვებების სასწავლო ლექსიკონის კონტექსტში. მოხსენებაში დეტალურად განვიხილავ აღნიშნული მეთოდის მიხედვით შედგენილი არსებითი სახელის სიტყვა-სტატიის მოდელს. ვფიქრობ, შერჩეული მიდგომა ხელს შეუწყობს ტექსტის სინთეზზე ორიენტირებული, აქტიური ტიპის ლექსიკონის შექმნას, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ლექსიკოგრაფიული რესურსების ეფექტიან გამოყენებას როგორც სწავლების, ისე კვლევის კონტექსტში. თითოეულ სიტყვა-სტატიაში განსაზღვრულია არა მხოლოდ სიტყვათა კავშირები, არამედ მათი გამოყენების მაგალითებიც ინგლისური თარგმანებით, რაც ენის შემსწავლელს აძლევს რეალურ წარმოდგენას ამა თუ იმ სიტყვის გამოყენებაზე ყოველდღიურ მეტყველებაში. სიტყვა-სტატიის სტრუქტურა ეყრდნობა ოქსფორდის შესიტყვებების ლექსიკონსა (Oxford Collocations Dictionary) და მაკმილანის შესიტყვებების ლექსიკონში (Macmillan Collocations Dictionary) კოლოკაციების წარმოდგენის პრინციპს. ამ ლექსიკონებში, თითოეულ სიტყვა-სტატიაში წარმოდეგნილი კოლოკაციები დაჯგუფებულია მეტყველების ნაწილების მიხედვით და რიგ შემთხვევებში მითითებულია ვრცელი ფრაზებიც, რაც ამ ტიპის ლექსიკონს ხდის პრაქტიკულად გამოყენებადს ენის შესწავლის მიზნისთვის.
კოლოკაციებზე დაფუძნებული, ლექსიკური ფუნქციებით გამდიდრებული ლექსიკონის მოდელი სიახლეა ქართულ-ინგლისური სასწავლო ლექსიკოგრაფიის მიმართულებით.